Thursday, January 22, 2009

ტერენტი გარანელი ( კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სიმონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სიმონმა ცოლად შერთო დარია, მებონიას ქალი, რომელიც, საბედნიეროდ მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა, მაშო და ზოია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვაზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა 7 წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში "მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში. საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს.სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. გავიდა ხანი, უბედურმა შემთხვევამ (სახლის დაწვამ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვონიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი, სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო, იგი წერდა:,,ეროვნული თავისუფლება-ეს უდუდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება და არავის ნებას არ მივცემთ, აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები". ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემებზე:,,ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, თუ მათ აინტერესებდათ სამშობლო ენა, თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინრობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ეს ჩვენს გულგრილობას, გადაგვარებას ადასტურებს, გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალიათ. თქვენი მშობლიური ენის შესწავლას ამისათვის, ჩემი აზრით,წერაც ზედმეტია". ტერენტის სწყუროდა სწავლა.იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და უფროს დასთან, მაშოსთან ერთად 1918 წელს თბილისიდან გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე, ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად, მაგრამ დიდ ხანს ვერ ჩერდება. რამოდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ ,,სახალხო საქმის", შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოტმა ფსევდონიმი,,გრანელი"1919 წელს დაირქვა. საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა,,NAUM",რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:,,მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო"!!!